კლიჩკო: კიევში ჯერ კიდევ სახიფათო ვითარებაა, დაბრუნება ნაადრევია

„კიევში დაღუპვის რისკი ჯერ კიდევ მაღალია. ამიტომ ვისაც დაბრუნება გსურთ, გირჩევთ, რომ კიდევ ცოტახანს მოიცადოთ“, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. 

მისი თქმით, კიევის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით „სასტიკი ბრძოლებია“. მანამდე უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ სამხედროებმა კიევისა და ჩერნიგოვთან მდებარე 13 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს. 

29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შემცირებდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას 

ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს

Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ